ისტორია

საქართველოს არაგადამდები დაავადებების პრევენციის ალიანსი (აგდ ალიანსი) წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულ იქნა 2018 წელს, დაავადებათა პრევენციასა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებზე აქტიურად მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პროფესიული ასოციაციების მიერ. ალიანსის დამფუძნებელ წევრებს მიეკუთვნებიან ისეთი გამოცდილი და მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციები, როგორებიცაა საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირი, საქართველოს დიაბეტის გართულებების პრევენციის ასოციაცია, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს ექთნების და თანაშემწეების პროფესიული განვითარების ასოციაცია, პედაგოგები ჯანსაღი მომავლისათვის და მდგრადი განვითარების ფონდი. სიმონ გაბრიჭიძე (‘ველფეარ ფაუნდეიშენ’-ის აღმასრულებელი დირექტორი) არჩეულ იქნა გამგეობის თავმჯდომარედ, ხოლო რამაზ ყურაშვილი (დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი) ალიანსის საპატიო თავმჯდომარედ.

აგდ ალიანსის დაფუძნების ძირითადი მიზანი იყო გაგვეერთიანებინა წამყვანი ორგანიზაციებისა და პროფესიონალების ძალისხმევა დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის კუთხით უფრო ხელშესახები შედეგების მისაღწევად. საქართველოს ჯანდაცვის სექტორის ტოტალური კომერციალიზაციის შედეგად (სადაც სამედიცინო დაწესებულებების უდიდესი უმრავლესობა კერძო, კომერციულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ), დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებმა ნაკლები პრიორიტეტულობა შეიძინეს. რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს მათ სულ იგნორირებას, რაც მძიმედ აისახება საქართველოს მოსახლეობის ჯიბესა და ჯანმრთელობაზე.

აგდ ალიანსს გააჩნია აქტიურად ფუნქციონირებადი სათაო ოფისი დედაქალაქ თბილისში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით განკარგავს პარტნიორების, ჯანდაცვის განმანათლებლებისა და მოხალისეების ფართო ქსელის საქმიანობას. ალიანსის წევრების ტექნიკური ექსპერტიზა მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, როგორებიცაა: ჯანმრთელობის/სოციალური სისტემების კვლევა, ჯანდაცვის პოლიტიკის ანალიზი, დიაბეტის პრევენცია, დიაბეტის მართვა და კონტროლი, თამბაქოს კონტროლი, კლიმატური ცვლილებების ზეგავლენა არაგადამდებ დაავადებებზე, ადვოკატირება, სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგი და შეფასება, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის უფლების დაცვა, თემის მობილიზირება და ა.შ.

დაფუძნების დღიდან, ალიანსი აქტიურად არის ჩართული არაგადამდებ დაავადებათა პრევენციასა და კონტროლთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქმიანობებში (თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დახვეწა, საყოველთაო ჯანდაცვა 2030 საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება, აგდ და რისკ ფაქტორების პრევენცია და მათი ეკონომიკური ანალიზი და ა.შ.). აგდ ალიანსის მთავარ პარტნიორებს წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და ა.შ.