მითი და სინამდვილე
პრაქტიკული სახელმძღვანელო გადაწყვეტილების მიმღები და პოლიტიკის შემქმნელი პირებისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტზე დამოკიდებულთათვის
საქართველომ 2017 წლის 17 მაისს „თამბაქოს კონტროლის კანონში“ ისტორიული ცვლილებების განხორციელებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ამ ცვლილებებით საზოგადოებრივი შენობებისა და ტრანსპორტის აბსოლუტური უმრავლესობა გათავისუფლდა თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტის (სიგარეტი, ელ. სიგარეტი, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი, ჩილიმი და სხვ.) მეორადი კვამლის ტოქსიური და კანცეროგენული ზემოქმედებისაგან. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, მწეველთა რაოდენობა ზრდასრულ მოსახლეობაში 3%-ით, ხოლო თავად მწეველთა შორის კი დაახლოებით 10%-ით შემცირდა. ამასთანავე, დაახლოებით 15%-ით შემცირდა მოწეული სიგარეტების რაოდენობა. შედეგად, შემცირდა გულსისხლძარღვთა სისტემისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მწვავე გართულებების შემთხვევები და გააუმჯობესდა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შესაბამისად, უფრო აგრესიული გახდა თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობები ახალი მარკეტინგული ხერხებითა და მეთოდებით და ახალი პროდუქტების (ელ. სიგარეტი, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი და სხვ.) საშუალებით დააინტერესონ მომხმარებლები, განსაკუთრებით მოზარდები და ახალგაზრდები.
რა არის ზიანის შემცირება?
ზიანის შემცირების კონცეფცია, რომელიც პირველად არალეგალურ ნარკოტიკებთან მიმართებაში იქნა გამოყენებული, ეხება პოლიტიკას და პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს შეამციროს ის სოციალური ზიანი, რაც ამ პროდუქტების მოხმარებას სდევს თან. კერძოდ, ჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენებით, არალეგალური ნარკოტიკების მოსაპოვებლად ჩადენილი დანაშაულის ზრდის შემცირება და მისი ჯგუფური მოხმარების შედეგად გამოწვეული სხვადასხვა ინფექციური დაავადების პრევენცია. შესაბამისად, ზიანის შემცირების კონცეფცია თამბაქოს ნაწარმთან მიმართებაში ანუ ტრადიციული სიგარეტის თამბაქოს ახალი პროდუქტებით ჩანაცვლება არარელევანტურია.
დეზინფორმაციისა და მანიპულირების ისტორია
1960-იან და 1970-იან წლებში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებულმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებმა და ჩინოვნიკებმა მწეველები წაახალისეს გადასულიყვნენ კუპრისა და ნიკოტინის დაბალი შემცველობის სიგარეტებზე იმ არგუმენტით, რომ ეს პროდუქტები ნაკლებად ზიანის მომტანია ორგანიზმისათვის. სამწუხაროდ, 15 წლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წვრილი სიგარეტის კვამლი უფრო ღრმად ჩადის ფილტვებში და განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ფილტვის ქვედა წილებს. რადგან ფილტვის ეს ნაწილი უფრო მოწყვლადია თამბაქოს კვამლში არსებული ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისადმი და ამ სასიცოცხლო ორგანოს სწრაფ დაზიანებას და ნაადრევ სიკვდილს იწვევს.
თამბაქოს ინდუსტრიის რეალური მოტივი
ე.წ. ზიანის შემცირების პოლიტიკის გატარებით თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს საყოველთაოდ შელახული რეპუტაციის გაუმჯობესებას. ეს შეიძლება ჩაითვალოს ინდუსტრიის „რენორმალიზაციის“ მცდელობად, რომელსაც სურს თავი მოაჩვენოს სოციალური პასუხისმგებელობის მქონე ბიზნესად. ამის პარალელურად, მათ მიერ შექმნილი ე.წ. თამბაქოს ზიანის შემცირების სტარტეგიის არ გაზიარების გამო, ისინი აკრიტიკებენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დამცველ ისეთ საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებიც წლების განმავლობაში ძალისხმევას არ იშურებენ მსოფლიოში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილობის შესამაცირებლად. მიზანში ჰყავთ ამოღებული ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები, ბლუმბერგ ფილანტროფის ფონდი და სხვ.
ელ. სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს ზიანის შემცირების პროდუქტებად წარმოჩენით, თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს არამხოლოდ მომხმარებელი, არამედ პოლიტიკოსები, მეცნიერები და ჯანდაცვის სპეციალისტები. ამის ნათელი მაგალითია „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ მიერ 2017 წელს შექმნილი ფონდი „Foundation for a Smoke-Free World“, რომელმაც გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის ე.წ. IQOS-ის1 საპოპულარიზაციოდ გამოყო ერთი მილიარდი დოლარი და ცდილობს მოისყიდოს პოლიტიკური ჯგუფები და ჯანდაცვის სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
თამბაქოს ინდუსტრია მანიპულირებს აშშ წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს (FDA) მიერ 2020 წლის ივლისში მიღებული დროებითი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვით „ფილიპ მორის ინთერნეიშენალს“ ნება დართეს მოეხდინა გასახურებელი პროდუქტის პოპულარიზაცია, რადგან მიანიჭეს ე.წ. „მოდიფიცირებული რისკის მქონე პროდუქტის“ სტატუსი. თუმცა, სააგენტომ იქვე აღნიშნა – ეს სტატუსი არ გულისხმობს, რომ აიქოსი არის ნაკლები ზიანის მომტანი ჩვეულებრივ თამბაქოს ნაწარმთან შედარებით. ისიც აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობოდნენ მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიის მიერ 1 IQOS (აიქოსი) არის „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ ბრენდის ინგლისური აბრევიატურა, რომელიც იშიფრება შემდეგნაირად: I Quit Ordinary Smoking, ანუ მე დავანებე თავი ჩვეულებრივ მოწევას.
ჩატარებული კვლევების შედეგებს. მიუხედევად ამისა, ამ სტატუსის მოპოვების შემდეგ თამბაქოს ინდუსტრიამ მასობრივად დაიწყო აგრესიული მარკეტინგი ახალი სასიკვდილო პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით, რომელიც თითქოს ჯანმრთელობისათვის ნაკლები ზიანის მომტან პროდუქტს წარმოადგენს, რითიც შეცდომაში შეჰყავს როგორც ამჟამინდელი მომხმარებელი, ასევე არამწეველი საზოგადოებაც.
თამბაქოს კომპანიების ინტერესებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებს შორის ფუნდამენტური ინტერესთა კონფლიქტია. შესაბამისად, ეს საკითხი რეგულირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) 5.3 მუხლით, რომელიც მოითხოვს ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების, მიღებისა და დანერგვის პროცესში თამბაქოს ინდუსტრიისა და მისი ფრონტ ჯგუფების მონაწილეობის აკრძალვას.
თამბაქოს კონტროლის გლობალური ღონისძიებები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზიაციამ 2018 წლის ივლისში გამოაქვეყნა სახელმძღვანელო მითითებები ელ. სიგარეტებისა და ახალი გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის რეგულირების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ეს ახალი პროდუქტები, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, თამბაქოს ყველა სხვა ნაწარმის მსგავსად უნდა დაექვემდებარონ ერთსა და იმავე პოლიტიკას და მარეგულირებელ ზომებს.
2019 წელს ჩარჩო კონვენციის სამდივნომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც მოუწოდებს მთავრობებს გამოიჩინონ სიფხიზლე თამბაქოს ახალი და განვითარებადი პროდუქტების მიმართ. მან ასევე შეახსენა მხარეებს, 5.3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების თანახმად, დაიცვან თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა და საქმიანობა ყველა კომერციული და პირადი ინტერესებისგან.
თამბაქოს ზიანის შემცირება თუ მოწევის სრული შეწყვეტა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით, ვინაიდან არ არსებობს თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმში არსებული ტოქსიური და კანცეროგენული ნივთიერებების უსაფრთხო დოზა, ერთადერთი ჯანსაღი ალტერნატივა თამბაქოს ყველა სახის ნაწარმზე უარის თქმაა. თამბაქოს ყველა ნაწარმი იწვევს დამოკიდებულებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც მწეველის, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.
არ წამოეგო თამბაქოს ინდუსტრიის მარკეტინგულ ხრიკებს და არ ენდო მათი დაკვეთით გავრცელებულ დეზინფორმაციას ელ. სიგარეტის ან გასახურებელი თამბაქოს (ე.წ. აიქოსის) ნაკლები მავნეობის შესახებ!
თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის კვამლი/ორთქლი/აეროზოლი მომწამვლელია!
მოწევა გ-ტეხავს!
არ დაემონო თამბაქოს, იყავი თავისუფალი!
აირჩიე ჯანმრთელობა და არა თამბაქოს რომელიმე ნაწარმი!
მწეველებს, ვისაც გსურთ, შეწყვიტოთ თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარება, დაუკავშირდით მოწევის შეწყვეტის უფასო ცხელ ხაზს 116001-1. კვალიფიციური ფსიქოლოგი გაგიწევთ პირველად დახმარებას და, საჭიროების შემთხვევაში, გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
ჩამოტვირთეთ მოწევის შეწყვეტის მობილური აპლიკაცია „თავს ვანებებ“:
#გავთავისუფლდეთთამბაქოსყველანაწარმისაგან!